вторник, 14 мая 2013 г.

ლიტერატურული კლუბი


 ლიტერატურული კლუბი

კ ა ლ ა მ ი
ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მაია ხარაული
ჩვენს ლიტერატურულ კლუბს დავარქვით   ,,
და  შესაბამისად, ჟურნალისთვისაც ეს სახელწოდება შევარჩიეთ. მოგვწონს ეს
სიტყვა ბგერითი ჟღერადობითაც და თავისი მნიშვნელობითაც.

კალამიბერძნული სიტყვაა და ფოლადის ჩაღუნულ ფირფიტას ნიშნავს,
რომელსაც გაჭრილი წვერი აქვს და გამოიყენება მელნით წერისათვის. კალამი ასევე               საძირეზე დასამყნობი ახლად ამონაყარი შტო-ხეხილია.
იქნებ, სწორედ ჩვენ ვართ ეს კალმები.......




                          ჩვენს სკოლაში ბევრი შემოქმედი მოსწავლა,  
მათი ნამუშევრები ხშირად რეგიონულ პრესაშიც იბეჭდება..

   ლიტერატურული ჟურნალი  ,,კალამი"

                                                                                                                                                   პოეზია
                 


ვისაც მეგობარს უწოდებს გული

თუკი ცხოვრება გულს ისე გატკენს,                                                                                                    რომ არსებობა გაგიჭირდება,
თუ საიდუმლო გულს დაგიმძიმებს
და მეგობარი გვერდით გჭირდება,
მიენდე ვისაც გული გიჩვენებს
და ვინც ყოველთვის შენთან იქნება,
ვინც შენი გულის სიმებს ჩასწვდება
და შენთან ყოფნა არ მოსწყინდება.
ვისაც მეგობარს უწოდებს გული,
ნდობას უსაზღვროს ვისაც დაუთმობს,
ვინც შენ სიცოცხლეს გაგილამაზებს
და გაყინულ გულს გაძნობით გაგითბობს.
და თუ იპოვი ნამდვილ მეგობარს,
ვისაც გაუმხელ შენს გულის ნადებს,
თუ შენ ენდობი, როგორც თვით შენს თავს,
არ გიღალატებს, არასდროს...   გწამდეს!

ლეილა კვირიკაშვილი
XI კლასის მოსწავლე



სიყვარულმა  ხედავ  როგორ  გამათავხედა?! 

სადღაც მოსთქვამდა გატანჯული გული თავხედი,                                                                    ჭადარი ჩუმად უამბობდა ზღაპარს ნეკერჩხალს,                                                                      შოთა რუსთაველს გავეჯიბრე ლექსის წერაში                                                                                  და სიყვარულმა ხედავ როგორ გამათავხედა?!                                                                           მე მოვინდომე მითვისება ტაბიძის ღამის                                                                                             და სიყვარულში დავუპირე ჯობნა ილიას                                                                                                                       და მოვინდომე შებრძოლება ასათიანთან,                                                                                         ვის ლექსებზედაც მუდამ ჩუმად რომ მეტირება...                                                                 მაშენებელს გავუბედე ლოცვად ხსენება                                                                                           და ურცხვად ვაქე მე თამარის მშვენიერება,                                                                                 ლაშა-გიორგის დავუფასე გამბედაობა                                                                                                 და სიმონ მეფეს დავუმადლე სარწმუნოება.                                                                           ცრემლი მომადგა, გავიხსენე ჩვენი მგოსნები,                                                                            ჩვენი გმირები, ვისმა ლოცვამ გადაგვარჩინა,                                                                                              და მე უძლური დავემხე და ჩუმად ავტირდი,                                                                          რადგან არ ძალმიძს მეც მათ მსგავსად დიდ გმირად ქცევა.                                                       სიკვდილი ყველას თანამგზავრია ალბათ ამ ქვეყნად,                                                           ჩემთანაც მოვა ერთ დღეს მისი შავი ზმანება,                                                                                       და როცა ჩემთან მოვა მისი შავი აჩრდილი                                                                                      ამ სიკვდილს მაინც ნუ უწოდებთ გარდაცვალებას...          




ლეილა კვირიკაშვილი
XI კლასის მოსწავლე





თენდება
თენდება, გამდის მზე საბურველიდან,
ცხოვრებას ერთი დღე კვლავ მიემატება,
ვფიქრობ თუ მოხდება რამე საკვირველი,
რაც ჩემს გულს გაყინულ სიმამდე ჩასწვდება.
ერთი დღეც გათენდა შენი მოგონებით,
ჩემთვის საათები სულ თლად არეულა.
წამები, წუთები, დღეები, თვეები-დრო მიქრის,
მიქრის და წამით არ ჩერდება. მალე დაღამდება,
ღამე საშინელი ისევ დაასრულებს ვიღაცის სიცოცხლეს,
სადღაც ვიღაცისთვის ეს ღამე ბოლოა,
სადღაც იბადება ახალი სიცოცხლე.
იცვლება დღეები, წამები წუთს მისდევს,
ყველას ნაკვალევი დარჩება ამ ქვეყნად,
მეც მინდა სიცოცხლე სულ ყველას ჯინაზე,
და ღმერთს ვევედრები დროის შეჩერებას
მაგიჟებს სიბნელე, სულ ყველგან გამეფდა,
აღარ დამიტოვა აღარსად ნათება.
არ მინდა, არ მინდა, მაგრამ მაინც მიწევს,
ხელი მოვაწერო ჩემს გარდაცვალებას.



ლეილა კვირიკაშვილი
XI კლასის მოსწავლე





მზე ჩაესვენა

მზე ჩაესვენა, მთების მიღმა დაიდო ბინა.
ჯერაც ელვარებს მეწამულად ბოლო სხივები,
ისევ გრძნობები შემომაწვა, დავწერო მინდა.
ისევ მესტუმრა სიჩუმეში მუზა თავხედი.
ღამე გამეფდა, დაეუფლა შავ-ბნელ სამეფოს,
მთვარე ანათებს, დაფლთილი ღრუბლების იქით,
სევდა გულს მიწვავს და იმღვრევა გრძნობები წმინა,
სულსაც დამიმსხვრევს ამ დროების სიცივე ვიცი.
კვლავ წამოვკრიფავ დამსხვრეული სულის ნაწილებს,
დამტვერილ ფიქრებს, გახუნებულს, ქარებს გავატან,
ბოლო სტრიქონებს სანთლის შუქზე ცრემლით დაგიწერ,
და შემორჩენილ მოგონებებს ქარში გავფანტავ.

ლეილა კვირიკაშვილი
XI კლასის მოსწავლე



ნიღბებ

ფარდა ჩამოეშვა, დასრულდა სპექტაკლი,
ღიმილი მოირგეს ბრმა მსახიობებმა,
უაზროდ მომბეზრდა სიცრუე, სიყალბე,
ცხოვრების გზაზე რომ სულ მუდამ დაგვყვება.
დავდივართ ნიღბებით, ღიმილებს ვარიგებთ,
გულში კი ერთმანეთს ურცხვადაც ვაგინებთ,
იცვლება ეს დრო და იცვლება როლები,
დაღლილან უაზროდ ბრმა მსახიობები.
ვთამაშობთ ქუჩაში, ვთამაშობთ სცენაზე,
და ნიღბებს კვლავ ვირგებთ წინანდელ ნიღაბზე,
მომბეზრდა თამაში უაზროდ მომბეზრდა,
მომბეზრდა ცხოვრება მკვდარ მარიონეტად,
დამთავრდა სპექტაკლი, მორჩა წარმოდგენა,
ღიმილი მოირგეს ბრმა მსახიობებმა.


ლეილა კვირიკაშვილი
XI კლასის მოსწავლე





ტყემლის ფიფქები
 გულს მოუნდება ფარფატი, როცა
ტყემლის კვირტები დაიყვავილებს.
და, როგორც მარტი, აპრილ–მაისი
ისე შესცვლიან ფიფქნი ყვავილებს.
მაშინ მინდება ტყემლის ფიფქების,
თეთრი ფიფქების ქროლვას მივენდო,
რომ სული გასცდეს დადგენილ საზღვრებს
ფარფატა ფურცლებს  სანთლად მივედნო,
ან ლურჯ რტოების, ნაზი რტოების,
სუნთქვას შევერწყა გამაბრუებელს...
ო, როგორ მინდა ფიფქებს ვემსგავსო
და ხმებს გავექცე გამაყრუებელს,
თუმც, არ იშლიან ბგერები ზუზუნს.
ქარი გაჰკივის არსად ივანებს,
ათრთოლებს რტოებს და ფიფქებს  ფანტავს,
შორეთისაკენ მიჰქრის ყივანებს.
ვდგავარ, შევყურებ  და მეოცება:
ზეცა არ ბარდნის, მაინც თოვლია,
ტყემლის ტოტებზე რაღაც  სიცხადით,
ფაფუკ სითეთრით დაუთოვია.

აგარის საჯარო სკოლის  მე-11 ლკასის მოსწავლე
                                                        თეა ნოზაძე




ფოთლებთან ერთად გამქრალი ოცნება
არ უწერია განმეორება  იმ ლამაზ წუთებს,
მაგრამ დარჩება მოგონებები,
კვლავ ირეკლება , მისი სახება, დამჭკნარ ფოთლებზე,
ვერ დაივიწყა და ცრემლებიც კვლავ
ადგება მწვანე თვალებზე, რომლებიც
უფრო ღრმად იცქირება შავ ღამეში
ვიდრე ემჩნევათ...
ჩამოდის ცრემლი, როგორც სანთელს
მდუღარედ მტირალს
და ეს ცრემლებიც ქარს მიაქვს სადღაც,
ფოთლებთან ერთად.
ირევა ფიქრი, ვით ქერა თმებს უწეწავს ქარი,
თმების ალერსი კვლავ ახსენებს მასთან შეხებას,
ო, როგორ უნდა გაიგონოს მრისხანე ქარის,
რომელიც ვერ გრძნობს გოგონას ტკივილს...
ვერ ბედავს ბაგე, რომ წარმოთქვას ისევ სიტყვები,
მაგრამ მეტყველებს მწვანე თვალები,
რომელშიც ცრემლად გაბრწყინებულა წვეთი იმედის.
         
       აგარის საჯარო სკოლის  მე-11 ლკასის მოსწავლე
                                                        თეა ნოზაძე





  უხმო ტირილი
ფრთებს იკრებს, ლურჯ  ფრთებს და როგორც ქარი,
ცის დასავლიდან ფრენით ეშვება,
ეს ფრთებია თუ ფერთა ნაკადი
სხეული ვერ გრძნობს მასთან შეხებას.
და მხოლოდ ცქერით დაღლილი თვალი,
ცურავს ცრემლებით ამღვრეულ ტბაში,
ქარს მიაქვს ისევ ნერგის რტოები,
შეგეყრებიან ოდესმე გზაში.
ხეთა შრიალში მთვარიან ღამეს,
დამსხვრეულ ჩრდილთა ბილიკს ვიხსენებ,
გონება დაჰქრის არწივის ფრთებით,
ვიდრე შენ ღამევ კვლავაც ითენებ.
ხმელი ჭადრები მოდიან ჯარად,
და ციურ ქართა არის შეკრება,
მინდა გიხილოთ აჩრდილად მაინც
თითებით ვიგრძნო შენთან შეხება.
ღამევ, შენ ალბათ დახუჭე თვალი,
თუმც მთვარის შუქზე სიზმრად ირეკლავ,
ფიქრთა უცნაურ გზაჯვარედინზე
სულ მარტოდ–მარტო ლანდების ხიზნად.
ქარის დუდუნით მოყოლილ სტრიქონს,
ან დაბზარული ზეცის ჭრიალით,
თუ ვერ მოგაწვდენს გული საფიქრალს
ვერას გახდება უხმო ღრიალით.
და მაინც ფერთა უფერულობა
ვერ გააკვირვებს მდუმარე თვალებს,             
და ვერ შეუვსებს ცრემლის ნაკადი
გულს უშენობით გაჩენილ ღარებს. 

                                                აგარის საჯარო სკოლის  მე-11 ლკასის მოსწავლე
                                                        თეა ნოზაძე


ცრემლის გუბე
ცაზე დაცურავს შავი ღრუბელი,
ატმის ხის ყვავილს ნიავი არხევს.
ატირებული ტირიფის ფოთლებს,
ქარი უბერავს სახეზე მახვევს.
ბობოქარ ტბაზე აფრები მოჩანს.
შორიდან ისმის სიმღერა გედის,
იასამანი ფოთლებს იმშვენებს
ცაში ელვარებს ბუმბულა მტრედის.
თავი დახარა ვარდის კოკორმა,
მზე დედამიწას სხივებს არ აფენს,
ნუშის ყვავილებს ჩასძინებიათ
ტყეს ძველებურად გვრიტი აღარ ფრენს.
ყურში ჩამესმის ვერხვის შრიალი,
და სევდიანი გოდება ქარის.
იის ბუჩქებში ღვარღვარით წვეთავს
დაგუბებული ცრემლები თვალის,
ისევ ნისლშია ჩაფლული ზეცა,
კვლავ მელანდება ლურჯი თვალები.
მგონია მიხმობს შორით აჩრდილი,
სადღაც რეკავენ დიდი ზარები.
ალბათ იწვიმებს, ცა განათდება.
მძიმე ნაღველი წაჰყვება ღრუბელს,
მაგრამ დარჩება აჩრდილი მუდამ
და ვერ დააშრობს ცრემლების ბუდეს.

   აგარის საჯარო სკოლის  მე-11 ლკასის მოსწავლე
                                                        თეა ნოზაძე







                          შთაგონება
და როცა შეგიპყრობს აღტაცება , ვითარცა ქარი
რომელიც ფოთლებს შორეთისკენ ტალღებად იხვევს,
და დასასრული არ მოუჩანს არსად ცის კიდით,
შთაგონებისგან წარმოსახულ სურათთა წყებას,
და, ოჰ, რარიგად მეოცება ფერთა სისხლარტე,
 ამძაფრებს გრძნობებს დათრგუნულს და ენადახშულებს,
დახე, პასუხი გულის მიერ დასმულ კითხვაზე,
რომლებიც მიწად ,ხშირად ტანჯვით ვერ გიპოვნია,
როგორც აცხადებს წარსულს, აწმყოს ნახულს, უნახავს
და თითქოს შიშიც გიძლევია მათში მზერისა,
სულ სხვა ფერები შეუმოსავს ხეებს ბალახებს,
 მზის სხივთა  ცქერით, ნარინჯისფრად როგორ ლაპლაპებს,
თითქოს  გამქრალა, მიწიერი  ხელით შექმნილი,
კედლების წყება დროს დაუნთქამს თუ ფანტაზიას,
სანაცვლოდ მათი მონასვლეობს ორნამენტები
ფერთა სიუხვით, ქაოსურად შენახამები,
თუმც ამ ქაოსით წარმოქმნილა თვით იდილია,
ხაზი უსწორო, ფორმა უფორმო ერთურთს შერწყმია,
და უჩვეულო ფერთა გროვა წეწვით აშლილა,
თითქოს გამსკდარა დაგუბებულ ცრემლის საზღვრები
და თვალი ილტვის შორეთისკენ, ტალღებს მიარღვევს,
არა, არ მინდა , დრო არ მაშინებს !
თუმც, თავს მესხმიან მონადირე ფიქრთა მპყრობელნი,
სული გაჰკივის... განვედ ჩემგან, განვედ, გამშორდი!
არ დავემონვი ვიწრო საზღვრებს, მზერას განვავრცობ,
მზერას უმზეოს, თუნდაც მთვარის სხივის შემყურეს...
                 აგარის საჯარო სკოლის  მე-11 ლკასის მოსწავლე
                                                        თეა ნოზაძე


















                               ნაზი ფერია

                       მინდა მეც მქონდეს ფართო კერია,
                       დღეს მარტოდ მარტო ეს მაკერია.
                       მიჩნდება კითხვა, ზღვა რა ფერია?
                       ჩემთვის სიცოცხლე არაფერია.
                       დღეს ჩემთან მოდის ნაზი ფერია,
                       მისთვის სიცოცხლე ყველაფერია,
                       აჰა, სიცოცხლე მეც ამერია,
                       ლექსისთვის რითმა არაფერია.
                       ხოდა, მჭირდება ფართო კერია!
                       და არა,  ვიღაც ნაზი ფერია
                       მიჩნდება კითხვა, ზღვა რა ფერია?
                       ჩემთვის სიცოცხლე არაფერია.
აგარის საჯარო სკოლის  მე– 9 ბ კლასის მოსწავლე
                                                                     თამუნა უროტაძე



მჭირდები
ამდენ ლოდინში აირია ისევ ფიქრები,
ისევ შენზე ვწერ და ვგრძნობ როგორ ძლიერ მჭირდები,
მე გალაკტიონს გავეჯიბრე უცხო რითმებით,
ისევ დაგიწერ მრავალ სტრიქონს, ლამაზ სიტყვებით.
სულში იბუდებს ისევ ტკივილი,
ამოუცნობი და უხილავი,
ჯიუტად ვცდილობ თავის დაღწევას,
მაგრამ ვამჩნევ რომ ძალა მეცლება,
მიუხედავად ჩემი ბრძოლისა
შენზე ფიქრები აღარ მეხსნება.
არეულია ისევ ფიქრები
 და სტრიქონებიც აღარ მეყოფა,
ვერ აღვწერ გრძნობას რასაც ახლა ვგრძნობ,
რომელიც ჩემ სულს ეპატრონება.
თვითონ არ ვიცი რა მაიძულებს
ისევ დავწერო ჩემი ფიქრები,
გვერძე გადავდებ ფურცელს და კალამს,
ღამეს ვუამბობ როგორ მჭირდები.
მთვარე ინახავს ჩემ საიდუმლოს,
მხოლოდ მან იცის ჩემი ტკივილი,
ღამის წყვდიადში რად წამოჭრილან
 შენთვის მოძღვნილი ჩემი სიტყვები.
ღამეა ჩემი მესაიდუმლე,
ის უგებს მხოლოდ ჩემს ჩუმ ტკივილებს,
და როცა დაღლილს ჩამეძინება  
ჩემს უბედობას მწარედ იტირებს.

ლეილა კვირიკაშვილი.    მე-11 კლასი
გავა   წლები....

დრო მიქრის, მიქრის და მეც მივყვები,
უსასრულობის მორევში მითრევს,
მირბის წლები და მეც სევდით ვითვლი
კვლავ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს...
ნეტავ სად მიდის ჩემი ცხოვრება,
საით მივყვები ცხოვრების ბილიკს,
ნეტავ რას ვნახავ ცხოვრების ბოლოს,
ბედნიერებას თუ მტანჯველ ტკივილს.
არ ვიცი საით წამიყვანს ბედი,
არ ვიცი ვისთან დამტოვებს ბოლოს,
მაგრამ ის ვიცი რომ მე ამ ქვეყნად,
სიყვარულისთვის მოვედი მხოლოდ.
გაივლის კიდევ მრავალი წელი,
მრავალჯერ ვიგრძნობ ზაფხულის მოსვლას,
მრავალი ცრემლი მოსწყდება თვალებს,
და დავაბრალებ კვლავ წვიმის მოსვლას.
და როცა ზარი ჩამოჰკრავს თორმეტს,
გამითეთრდება როდესაც თმები,
მოვა სიკვდილი ყოვლის მპყრობელი
 და დასრულდება სიცოცხლე ჩემი..
გავა წლები და ალბათ პატარა,
ლამაზი გოგო მომიტანს ვარდებს,
თავს დამიხრის და გაყინულ საფლავს
 კრძალვით დააწყობს სისხლისფერ ვარდებს. 

ლეილა კვირიკაშვილი
მე-11 კლასი


გაქცევა მინდა.

დღეს ისევ მარტოობა მტკივა, გრძნობისგან დაცლილი სული.
შავ-თეთრად შეღებილ ხედებს, ბინდი გადაეკრა უტყვი.
დღეს ისევ მწუხარებით მოცულს, სუნთქვა უსაშველოდ მტკივა,
სევდით დამძიმებულ ჰაერს ვსუნთქავ და გაქცევა მინდა.
შორიდან ვუყურებ თითქოს, საკუთარ სხეულის ტანჯვას
ვგრძნობ, როგორ დატოვებს სული სხეულს და სივრცეში წავა.
ისევ გამეღვიძა წუხელ, ღამის კოშმარებით ნატანჯს,
დღეს ღიმილს მოვირგებ ისევ, და ძველ ბილიკებზე წავალ
ისევ გავიღიმებ, მაგრამ, ღიმილს ფერი დაჰკრავს სევდის,
ფურცლებს მოვუყვები ამბავს, ლექსებად გარითმვა მშველის.


ლეილა კვირიკაშვილი
მე-11 კლასი


არფერს  ვითხოვ...

არფერს ვითხოვ, არც სიყვარულს, არც პატიბას,
გავიდა დრო და გაიცრიცა ჩემი სიტყვები.
არაფერს ვიტხოვ, მარტოობას ვეჩვევი ალბათ,
გადავიღალე ალბათ უკვე ძველი ფიქრებით.
არაფერს ვითხოვ, კვლავ მომაწვა ღრმა მწუხარება,
რადგან ოცნებამ გადაღალა მწუხარე სული,
აღარ მოვთხოვ გაყინული გულისგან სითბოს,
ძალა არ შემწევს კვლავ ველოდო გათბობას გულის.
აღარ ვიბრძოლებ, ფარ-ხმალს დავყრი ბედის  წინაშე.
ისევ მივყვები სად წამიყვანს ცხოვრება ფუჭი,
არ ვიოცნებებ, რადგან ერ რამ შევისწავლე,
არაფერს შეცვლის ცრუ ოცნება დამსხვრეულ სულში.
არაფერს ვითხოვ, არც სიხარულს, არც მწუარებას,
გადავიღალე მოლოდინით ბედნიერ წუთის,
ისევ ღმერთს ვანდობ ჩემი სულის გამთლიანებას.
სანამ კვლავ მშვიდად  ჩამოწვება მიწაზე მწუხრი.
ლეილა კვირიკაშვილი
მე-11 კლასი



ისევ მოლოდინი დამათოვს

ჩამოთოვს დაბინდულ ქუჩებში,
გაფანტულ ფიქრებსაც დაათოვს,
და ღამის წყვდიადით მოცული,
მე შენს გულისცემას ვდარაჯობ.
ჩამოთოვს, ჩამოთოვს ფიფქები,
ფიფქებში ფიქრებით ვთამაშობ
 და უიმედობით შემცივნულს,
მე ზამთრის სიცივე გამათბობს,
ქარში იფანტაბა ფიფქები,
საკუთარ ფიქრებთან ვკამათობ,
ზამთრის უკანასკნელ დღეებში,
ისევ მოლოდინი დამათოვს.

ლეილა კვირიკაშვილი
მე-11 კლასი

                                         პროზა

                                           აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.   2013 წელი.
სარკის ნამსხვრევები
      ვისი სული არ განგიჭვრიტავს შენი ბასრი მზერით, ან კი უცდია ვინმეს შენს წინაშე ნაკლის დაფარვა. განა თვისი ნებით არ იხსნიდნენ ნიღაბს შენში მზერისას, როგორ ურცხვად გიმხელდნენ სულისა თუ სხეულის ნაკლს.
         რამდენი დედოფლის მშვენიერებას ირეკლავდი სარკევ, რამდენი ჩავარდნილა ხიბლში შენში მზერისას, განა შენ არ ჩაგიგდია ამპარტავნებაში მეოცნებე გულები? შენ ხედავდი დედოფლის ნაკლსა და ღირსებას. ერთნაირი სიცხადით დღის შუქსა და ღამის წყვდიადს. შენს ზედაპირს ელამუნებოდა აბრეშუმის მბზინავი კულულები, ოდესღაც შენში ლიცლიცებდა ქალიშვილის ზღვისფერი თვალები, როგორ აცისკროვნებდი სპილოსძვლისფერ გულმკერდზე ზურმუხტების ბრწყინვალებას, უფრო მეტად აშუქებდი მარგალიტის საყურეებს ოქროსფერ დალალებში შეხლართულთ. მეფეს დიდებას მატებდი , სამოსს კი ბრწყინვალებას. ოჰ, როგორ ოცნებასავით დაიმსხვერი ნამტვრევებად, რომლებსაც აწყობა აღარ უწერიათ, სარკევ დიდებულო ვინ გაბედა ასე უმოწყალოდ მოგქცეოდა? ვინ აღმართა ხელი შენს დასამხობად? დედოფალთა აჩრდილთა სამყოფელო. მეფის ტახტივით დაეცა შენი დიდება. იქნებ შენი დაცემის მიზეზი ცდუნებათა მოსვლა  იყო? რამდენი ცდუნება მოსულა შენგან , რამდენს გაუნდია დაფარული ზრახვები,  შენ კი მათი საიდუმლო მდუმარედ გისმენია, შემდეგ კი უთქმელად დაგიმარხავს გულში. შენ ირეკლავდი კაცის გულსა და სულს, მხოლოდ შენ უწყოდი მათი დაფარული , რამდენი კაცის მჭმუნვარება აღგიბეჭდავს, რამდენი ვარდის ფურცელივით ნორჩი გოგონასთვის გიმზერია, როგორ დაიმსხვრა შენი დიდება, როგორ გაპარტახდა შენი სიდიადე. განა პატარძლის ნაწნავივით გრეხილი ორნამენტები არ გშვენოდა , თმებში ჩაქარგული ყვავილებივით არ გქონდა მოწედილი ჩარჩო. შენც როგორ მედიდურად იმზირებოდი ცასავით კრიალა ზედაპირით. ახლა კი განძარცულა შენი დიდება, ნორჩი ქალწულივით მოუტაცია  ხარბ თვალს. ერთი ძვირფასი ქვაც აღარ შერჩენილა, სამოსი შემოძარცვია და ღარიბულად დარჩენილა შენი საყრდენი მოუპარავთ მხოლოდ ქვები, სარკე კი ნამსხვრევებად უქცევიათ. ეჰ ვინ იცის იქნებ იმ ქვებზე ძვირფასი შენი სარკის ნამსხვრევებია. სარკე ხომ ყველაზე ძვირფასს ირეკლავს, ყველაზე დიდ მშვენიერებას, განა ადამიანის სულზე ძვირფასი კიდევ არსებობს ამ წუთისოფელში? იქნებ პაწაწინა ნამსხვრევი რომ აეღო მძარცველს და შიგ ღრმად ჩაეხედა უფრო მეტი რამ აღმოეჩინა, უფრო ძვირფასი განძი შეეძინა, მაგრამ განა მძარცველი იქ მშვენიერებას იპოვიდა, ალბათ იმიტომ გავურბივართ ხოლმე საკუთარ თავს, რომ იქ მშვენიერება არ გვეგულება, მაგრამ იქნებ მშვენიერებასთან მისასვლელი გზა მაინც გვეპოვნა? თუ საკუთარ სულს თვალს გავუსწორებდით მისი შეცნობისას სინანული მაინც გვწვეოდა, რომ ცრემლით განგვეწმინდა დამტვრეული შენი ნამსხვრევები, იქნებ სწორედ ეს ცრემლი ყოფილიყო მარგალიტზე ძვირფასი, და მშვენიერი, მაგრამ განა ეძებს ვინმე ნამსხვრევებს, რომ მასში ჩაიხედოს, გაბედოს იმ კუნჭულში ჩახედვა, რომლის ნახვისაც ყველაზე მეტად ეშინია?
          არასდროს გამიგია სარკევ, შენი ხმა, როგორ მედგრად და ფიცგაუტეხლად ინახავდი ყოველგვარ საიდუმლოს, ვინ იცის როგორ გიმძიმდა, რამდენჯერ გნდომებია კვნესით მაინც გაგეყუჩებინა ტკივილი და მწუხარება, მაგრამ დაბურულ ნიღაბს იქით არასოდეს აჩენდი საკუთარ სახეს. მტკიცედ ბოჭავდი ფიქრებსა და განცდებს და სადღაც უძირო უფსკრულში ნთქამდი სათქმელს. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გავიგე შენი სულის შემძვრელი კივილი, ალბათ ვერ გაუძელი ამდენ უთქმელობას, ეს იყო მსხვრევის ხმა, შემდეგ კი თავი მარადიულ დუმილს მიეცი.

                                      აგარის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე  –  თეა ნოზაძე

თოვს
       რა ლამაზად თოვს . ცას ნაცრისფერი ელფერი გადაჰკრავს. პატარა, ნაზი და ფაფუკი ფიფქები მოუსვენრად დაფარფატებენ წყნარ და სასიამოვნო გარემოში. იდუმალ სიჩუმეს მხოლოდ მათი სასიამოვნო, ჩუმი და ამავე დროს ხმაურიანი ფარფატი არღვევს...
 თითქოს თავის დასაცავად დამალულან ცხოველები და ფრინველები. ცელქი ნაკადულიც არსად ჩანს, მაგრამ ეს არ აწუხებთ თეთრ და ფუმფულა ფიფქებს, ისინი მოუსვენრად დაფრინავენ და ერთობიან. თითო–ოროლა ფანჯრის რაფაზეც წამოსკუპულან, თითქოს პატარებს სთხოვენ თამაშს, თოვა კი არ წყდება. გასაოცარი სიჩუმეა. წამიერად ვიგრძენი , რომ მაცდურად გადათეთრებული ბუნება მიხმობდა... გავედი ... პატარა ფანტელებმა ალბათ  იგრძნეს ჩემი იქ ყოფნა და ცელქობა დაიწყეს. ზოგი ხელის გულზე, ზოგიც კი თმაზე მარგალიტის მძივებივით დამებნია. გარშემო მიმოვიხედე, დავინახე და ვიგრძენი როგორ სევდიანები იყვნენ ხეები იმის გამო, რომ მათ შიშველ ტოტებზე თოვლი არხეინად ნებივრობდა. მაინც რა მშვენიერია ეს ყველაფერი. კვლავ თოვს, კვლავ იდუმალი სიჩუმეა და კვლავ დახეტიალობს უამრავი ფიფქი ნაცრისფერი ცის ქვეშ...
 რა ლამაზია ბუნება, თეთრი სამოსი კი უფრო მშვენიერს ხდის მას.
ისევ ირევა ერთმანეთში ფიფქები... ისევ საამური სიჩუმეა.
არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს  გაგრძელდება თოვა...

აგარის საჯარო სკოლის მე–9 ბ კლასის მოსწავლე
ღონღაძე მარიამი


                                            









                                             თოვლი
      ( ჩანახატი)

      გათენდა ერთი თითქოს და მშვენიერი დილა. ფანჯარაში გავიხედე, მზე ანათებდა, სხივები კი ზანტად მოდიოდა დედამიწისკენ. ირგვლივ ყველაფერი გაქვავებულიყო. გარეთ გავედი და მხარზე პატარა ფიფქი დამეცა. მე მას ყურადღება არ მივაქციე. დამეცა მეორე და მესამე, ავიხედე და დავინახე, რომ ჩემსკენ მორბიან ნაზი და სათუთი ფიფქები, თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილნი. ცეკვავენ და მღერიან სანამ ძირს დაეცემიან და სიცოცხლეს გაათავებენ, მაგრამ ყინვამ მოუმატა და ფიფქებს სიცოცხლე უხანგრძლივდება. ეცემიან და ეცემიან  და მრავლდებიან .ხეებს ჯერ კიდევ ფოთლები შემორჩენიათ და ამ ფოთლებზე  ჩამოკიდულა თოვლი. ისინი დამძიმებულნი დგანან და ტოტები დაბლა აქვთ დახრილი. თოვა არ წყდება, უმატებს და უმატებს. გზაზე არ ჩანან ჩემი ტოლები, მხოლოდ მე, დამძიმებული ხეები და ფიფქები ვართ. არც პატარების ჟივილ–ხივილი ისმის ეზოებში, თითქოს და არ უხარიათ თოვლის მოსვლა და ნაადრევ თოვლს სახლებიდან უყურებენ. ფიფქები კი კვლავ ჩემთან მოდიან და მეთამაშებიან. თანაც თითქოს და ნაზი ხმით რაღაცას მეჩურჩულებიან, მაგრამ მე მათი არ მესმის. ისინი აგრძელებენ ჩურჩულს, მე კვლავ დადუმებული ვარ. ნეტავ რას ამბობენ? ვინ იცის...
                                                                                 აგარის საჯარო სკოლის მე–9 ბ კლასის მოსწავლე
                                                                                                                ანნა გრიგალაშვილი


                                                                   










                                                       გასაოცარი  დღიური
   ზამთრის ცივი საღამო იყო. ქარი ქროდა. მე სახლისკენ მივიჩქაროდი როცა დავინახე, როგორ წვავდა მოხუცი ქალი რვეულებს. ინტერესიანი თვალებით ვუყურებდი. ცოტა ხანში თვალცრემლიანი სახლში შებრუნდა. მე გროვას მივუახლოვდი და ერთი ლამაზყდიანი რვეული ავიღე, გადავშალე. საინტერესოდ მეცვენა, ჰოდა მეც სახლში წამოვიღე. სამეცადინოდ დავჯექი. რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ამ რვეულს ვეცი და არელვებული ჩავაცქერდი. გული ისე მიცემდა, რომ მისი ხმა მე მესმოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს უბრალო რვეული კი არა  დღიური იყო. მე პირველივე გვერდმა მიმიზიდა და კითხვა დავიწყე. დღიურის შესავალი ასე იწყებოდა: ოტა არ იყოს ფურცლებისაც კი მეშინია. ნეტავ რატომ? ან საერთოდ რატომ ვწერ ამ უაზრო რვეულში? ის ხომ უცნაურია? ხმასაც კი ვერ ამოიღებს. მე კი მინდა ვიღაცას გული გადავუშალო, მაგრამ არავინ არ მყავს ამ ქვეყანაზე. ნეტავ როდემდე უნდა ვავსებდე საცოდავ ფურცლებს ლექსების მაგივრად? განა როდემდე უნდა ვუყურებდე სხვის ჯიბეს? იცი, ჩემო დღიურო, დღეს ჩემი ჩიტი დავინახე თავის ბარტყებისთვის საჭმელი მიჰქონდა. იცი? –შემშურდა. აღარ ვიცი რა ვქნა . ამ მარტოობამ გრძნობაც კი დამიკარგა. ოდესღაც მეც მყავდა ქმარ–შვილი. ოდესრაც მეც მყავდა ბედნიერი ოჯახი. ერთ საბედისწერო დღეს კი ავიაკატასტროფის შედეგად ყველაფერს წერტილი დაესვა. იმღამეს ჩამიქრა გულში ანთებული სანთელი და მის მერე დავეხეტები სიბნელეში მარტოდ–მარტო. ახლა ჩემს გულს გული აღარ ჰქვია. იგი ქვაა. შენს გარდა დღიურო აღარავინ მყავს, შენ როგორც სულიერს ისე გიყურებ. ახლა უნდა წავიდე, მაგვიანდება. ეკლესიაში ვარ წასასვლელი. მხოლოდ იქ გარდაიქმნება ჩემი გული გულად, მხოლოდ იქ იწმინდება ჩემი სული და მხოლოდ იქ ემსგავსება ჩემი გაყინული და არაფრის მთქმელი სახე სახეს.
    ამ ყველაფრის წაკითხვის შემდრგ თვალზე ცრემლო მომადგა, ფურცელი გადავშალე და ამ ლექსს წავაწყდი:                              თქვენ ამბობთ რომ იცინით,
თქვენ ამბობთ რომ ტირით
მე რატომ არ ვიცინი ,
ან რატომ არ ვტირი?
იქით ქალი იცინის
იქით ბავშვი ტირის.
მე რატომ არ ვიცინი,
ან რატომ არ ვტირი?
ამ ლექსს ავტორი არ ეწერა, მაგრამ მისი წაკითხვის შემდეგ ჩემდა უნებურად ტირილი დავიწყე. იმ დღის შემდეგ კი ის მოხუცი ქალი აღარ მინახავს, ის დღიურიც ვეღარსად ვეღარ ვიპოვე, ნეტავ სად არის? აორთქლდა?
თამუნა უროტაძე .
მე-9 კლასი.

                                         ი 
      სხვა არ ვიცი,მაგრამ მე ზამთარი მეტისმეტად გრძელი მეჩვენება. თებერვალი დადგება თუ არა გულში სიხარულით ვიმეორებ:''თებერვალი დადგაო,ხეში წყალი ჩადგაო.''
      ბუნება იღვიძებს, ცოცხლდება. ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, სურნელი, რომელსაც ვერაფერს შეადარებ და სახელსაც ვერ დაარქმევ, ეს, ჩემი აზრით, გაღვიძებული, გამთბარი დედამიწის სურნელია. ერთ მზიან დღესაც თავს აწევ და თეთრად აფეთქებული ტყემალი თვალს გაგიხარებს, გულს გაგიხალისებს. ბუნება ირთვება.თითქოს ქორწილისთვის ემზადება.
     გაზაფხულის მახარობელი, ნოსტალგიაშეპყრობილი მერცხალი ბრუნდება შორეული ინდოეთიდან; მოძებნის თავის ძველ ნასახლარს, თავს ევლება და ალამაზებს.
''მზე მოდგა,თოვლი გაადნო,
უხმო ფოთლებს და ყვავილებს,
მერცხლები შემოუსია სახლის კედლებს და აივნებს.''
     გაზაფხული განსაკუთრებულია სოფლად: მწვანე მორევს ემსგავსება უღრანი ტყეები, პირველად მიწიდან თავს ამოყოფს ენძელა, შემდეგ მას მოჰყვება ყოჩივარდა და ია. ზათარში დასვენებული მინდვრები სამუშაოდ იწვევს გრძელი ზამთრით გაბეზრებულ გლეხებს,იწყება ხვნა-თესვა.
       მდინარეები,რომლებიც ზამთარში ვიწრო კალაპოტში მდორედ მოედინებოდნენ, ახლა დიდი რიხით და თავპირისმტვრევით მოექანებიან მთიდან.
      კაშკაშა მზემაც თავი ამოყო ღრუბლებიდან და მისი თმები,რომლებსაც ჩვენ სხივებს ვუწოდებთ,მთელ მსოფლიოს მოახვია.მან გაათბო დედამიწა და სიცოცხლე შესძინა ბუნებას, ჩიტები ააჭიკჭიკა, ყვავილებს სითბო მიანიჭა და ბუნება აახმაურა.                            
გვანცა ბუზალაძე
მე-8 კლასის მოსავლე






                                      ქალაქი ღამით!!!
  გვიანი  შემოდგომის მწუხრი თითქოს ნაადრევად ეწვიაო ქალაქს. სამხრეთულად უცებ ჩამობნელდა,ზუსტად ისე, მოწმენდილ ცას რომ ტყვიისფერი ღრუბელი გადაეფარება ხოლმე. რიგრიგობოთ იფეთქა ფანჯრებში ნათურების თვალისმომჭრელმა შუქმა და დღის სილამაზე ღამის მშვენებამ შესცვალა.მოედნები და ქალაქის უბნები ზღაპრულად აკაშკაშდნენ, ახლა  ქალაქი ვეებერთელა გაცისკროვებულ ხალიჩას წააგავდა,რომლებზეც ზოლებად ბრწყინავდნენ განიერი და ვიწრო ქუჩები, მოსახვევები და პატარა ჩიხები. დამშვრალი დევკაცივით თვლემდა მტკვრის სანაპირო. უთვალავი ლამპიონით გაჩირაღდნებული რეკლამებიდან გადმოღვრილი შუქის ათინათი მაღაზიების გაკრიალებულ ვიტრინებზე ირეკლებოდა და ნაირფრად იბნეოდა ელვასავით გასხლეტილი ავტომანქანების მოკიაფე ნაპერწკლებში. ხმაურმა უცებ იმატა, რადგან ზედმეტად ფრთხილი და გაფაციცებული მძღოლები ხმოვანი სიგნალებით აფრთხილებდნენ ერთმანეთს და დაურიდებელ ფეხით მოსიარულე ადამიანებს, რომლებიც გაფაციცებით მიიწევდნენ სახლისკენ. მაგრამ ღამე ოდნავადაც ვერ ანელებდა მძლავრი ქალაქის მაჯისცემას.
     ქალაქური შემოდგომის საღამო იდგა, თბილი, გულუხვი, ნაზი, სიცოცხლემოძალებული, ზუსტად ისეთი განუმეორებელი სილამაზის, რომელსაც თავდავიწყებით უმღერიან პოეტები, კომპოზიტორები და მხატვრები. ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე შეყვარებული წყვილები კი ტკბებოდნენ ასეთი ცოტა ხმაურიანი, მაგრამ ნაზი საღამოთი, რომელიც ჩვენს ქალაქში ყოველთვის იქნება...

                                                                          
                                                                                                   ავტორი:ლანა გოგიჩაშვილი 
 მე-8 კლასის მოსწავლე


სასწაულმოქმედი წიგნი...
  ციოდა. ტემპერატურა  -100 გრადუსს აღწევდა. არემარე მთლიანად ყინულით იყო დაფარული. ადამიანები გასათბობად ყველაფერს აკეთებდნენ. წვავდნენ ყველაფერს, რასაც კი ცეცხლი ეკიდებოდადა, გასათბობად გამოდგებოდა. წვავდნენ ფიცრებს, ქაღალდებს, ხეებს.  წვავდნენ ყველაზე დიდ და განსაკუთრებით ძვირფას ნივთებს- წიგნებს. ხალხი სიცივასაგან კანკალებდა, იყინებოდა. უკვე ერთი კვირა იყო გასული, რაც ს გამყინვარება დაიწყო და ხალხის თითქმის 90% დაიღუპა.აქა-იქ თუ შემორჩა ცოცხალი ადამიანი, რომელიც სიცივეს გადაურჩა.
      გამყინვარების დაწყებიდან მეშვიდე დღეს იყო, ღამდებოდა და ერთი ოჯახი, რომელიც დედის მამისა და ორი ბავშვისგან შედგებოდა, ღამის გასათევს დაეძებდა. შორიდან რაღაც სინათლე გამოჩნდა, ოჯახს იმედი მიეცა- ღამის გასათევს მივაგენითო. მართლაც  ასე მოხდა, ერთი გამოქვაბული დაინახეს სადაც ცეცხლი გიზგიზებდა.ოჯახს გაუხარდა და ცეცხლს მიეფიცხა, გათბობის შემდეგ მათ ძილი მოერიათდა ცეცხლის სითბოზე ტკბილად დაიძინეს. დილით რომ გაიღვიძეს, იქვე ლამაზად მოოქროვილი წიგნი დახვდათ. თავიდან მათ ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეეძლო. აიღეს წიგნი და საკვების საძებნელად გზას გაუდგნენ. ტემპერატურა კი თანდათან მატულობდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ავად გახდა და იძულებულები იყვნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. დაღამდა და ისევ დაიძინეს. დილით რომ გამოეღვიძათ ავადმყოფი გამოჯანმრთელებული დახვდათ.ბევრი ფიქრის შედეგად მიხვდნენრომ ავადმყოფის გამოჯანმრთელებაც და ცეცხლიც იმ წიგნმა განაპირობა, რომელიც დილით დახვდათ და სასწაულებს ახდენდა. ასევე მის გამოყენების წესსაც მიხვდნენ. ჩაუთქვამდნენ სურვილს და ეს სურვილიც მაშინვე სრულდებოდა. მალე წიგნი ალაპარაკდა და თითო ოჯახის წევრს ერთი სურვილის უფლება მისცა.ბავშვებმა თბილ-თბილი ტანსაცმელი და საჭმელი მოინდომეს .მამამ წიგნს ცოტა რთული სურვილი ყინულის გადნობადა,  ტემპერეტურის მომატება ჩაუთქვა, მაგრამ ეს წიგნს არ გაუჭირდა და არემარე ღია ფერის მწვანე სამოსით შეიმოსა. დარჩა ერთი სურვილი, ის დედას ეკუთვნოდა. დედამ წიგნს ხალხის გამოცოცხლება ჩაუთქვადა ეს სურვილიც მაშინვე ახდა.კიდევ ერთხელ დაღამდა დილით რომ გამოიღვიძეს ეს ემბავი აღარავის ახსოვდა და ის წიგნიც ამ ამბავთან ერთად წარსულს მისცემოდა....           
ავტორი- საბა ოსაძე
მე-8 კლასი
                      ჩემი   ცხოვრება
      მე ვარ თემური მჭედლიშვილი, დავიბადე 1999 წლის 14 ივლისს, ქალაქ ქარელში, ახლა აგარაში ვცხოვრობ, ჩემი დედულეთი სოფელი თამარაშენია, სადაც ბავშვობის წლები გავატარე და ძალიან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს ამ სოფელთან, მამაჩემმა როდესაც ოჯახი შექმნა აგარაში ცხოვრობდა, დედაჩემი კეთილი და თბილი ქალია, მამაჩემი ჩემს მიმართ მკაცრია, მე როდესაც სკოლაში შევედი 2004 წელი იყო, ცხოვრება ჭირდა, იმ დროს ფულის შოვნა ძალზედ  ძნელი იყო, მაგრამ ჩემი მშობლები  თავს არ ზოგავდნენ რომ ჩემთვის საცხოვრებელი პირობები შეექმნათ, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. ჩემი ოჯახი 4 ძმის, 1 დის, 2 რძლის და 2 ძმიშვილისგან შედგება. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს მეგობრებსა და ნათესავებს და ისინიც მაფასებენ. 2004 წლის 4 დეკემბერს ჩემმა დეიდაშვილმა  ოპერაცია  გაიკეთა  და ძალიან  ცუდად  იყო,  მე   როდესაც  ვნახე,  ვერ  ავიტანე  მისი  ასეთ  გასაჭირში  ყოფნა  და  ტირილი  დავიწყე,   გულმხურვალედ  ვლოცულობდი,  რომ  მას  არაფერი  დაშავებოდა. ეს ყველაზე მძიმე მოსაგონარია ჩემს ცხოვრებაში, ასეთი ტკივილი  პირველად გამოვცადე...
   მე აგარაში,  ერთ  წყნარ  უბანში  ვცხოვრობ, რომელიც  წერეთლის  სახელობის  არის. იქ ძალიან  კეთილი   მეზობლები  მყავს.  ჩემი  სახლი  ხის  მესრით არის  შემოღობილი.  ჩემს  სახლს უკან   არის  გაშენებული  არაჩვეულებრივი  ბაღჩა, მას როდესაც მოსავლის დროს ნახავთ ედემის ბაღს მიამსგავსებთ, რადგან ლამაზ-ლამაზი ხილი მძივებივით არის გარშემორტყმული, იქვე ბაღის კუთხეში თონე გვაქვს, სადაც მეზობელი ქალები იკრიბებიან და ნაზუქებს და პურებს აცხობენ, იქ საინტერესო ამბებსაც ვგებულობთ უბნის ბავშვები, შემდეგ ნაზუქები მიგვაქვს ჩვენს საყვარლ ადგილზე, ერთ ამაყ და დიდ გაფურჩნულ კაკლის ხის ძირას, სადც შევექცევით ნაზუქებს და ვყვებით თავგადასავლებს, შემდეგ საბანაოდ მივდივართ და ვგრილდებით, ვხალისობთ.
     ერთხელ, როდესაც ჩემი დაბადების დღე მოახლოვდა,  2011 წლის 13 ივლისი იყო, საბანაოდ მივდიოდით, უფროსი ძმა თანახმა იყო, ხოლო უმცროსი უარზე იდგა, ჩემი საბანაოდ წასვლის ბედი ამით წყდებოდა, მაგრამ მე  მაინც წავედი მტკვარზე, მატკვარი დიდი და ძლიერი მდინარეა, როდესაც მას ვუყურებ სიამაყის გრძნობით ვივსები. დავიწყეთ ბანაობა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მე ამოსვლა არ მოვინდომე, როდესაც ამოვდიოდი ფეხი დამიცდა და მტკვრის ძლიერმა ნაკადმა წამიღო,მართალია ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის მთელ ცხოვრებას უდრიდა, მე ჩემმა გავლილმა წლებმა თვალწინ გამიელვა, თუ როგორ ვთამაშობდი და ვხალისობდი ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან, მე ამ ყველაფერთნ ერთად მაინც  ვიბრძოდი რომ  ჩემი წუთისოფელი ხანგრძლივი ყოფილიყო და ეს გამომივიდა ერთი ღვთისნიერი კაცის დახმარებით, მე გადავრჩი და წუთისოფელში ისევ ფეხი მოვიკიდე. როდესაც სახლში დავბრუნდი ეს ამბავი დადაჩემს დიდი  ემოციებით მოვუყევი, მან გულში ჩამიკრა და ცრემლები წამოუვიდა, ეს ამბავი იყო ჩემთვის დაუვიწყარი და ყველაზე სევდიანი. მე ჩემი გადარჩენისათვის დიდი მადლობელი ვარ იმ ადამიანისა და უფლისა. იოლად არ გავიწირე, როგორც ჩანს მნიშვნელოვანი მისია მაკისრია, რასაც აუცილებლად ამოვიცნობ და განვახორციელებ...
თემურ მჭედლიშვილი
მე-8 კლასი

                         კვირტი
    კვირტი ნაზამთრალ  ტოტებში დიდხანს იმალებოდა, ჯერგაზაფხულის ალმურზე შეკრთა, მერე აფეთქდა და გადათეთრდა. წამოუბერა მოუსვენარმა ნიავმა მაღალი მთებისამ, ააცახცახა თეთრ კაბაში გამოკრული ტყემლის ტოტები, მერე გზად მიმავალმა,საგზლად აფეთქებული კვირტებიდან ამოყრილი თეთრი სიფრიფანა ყვავილები გაიყოლა, ელოლიავა, ელოლიავა და ორსართულიან სახლის აივანს სარკმელივით შეყარა. ამ დროს კვირტს ძალიან სციოდა. მას უცბად გაახსენდა გაზაფხულზე გატარებული დრო. თუ, როგორ ერთობოდნენ და როგორ ზეიმობდნენ გაზაფხულის დადგომას. იხსენაბდა და თან საშინლად იტანჯებოდა აქვითინდებოდა ხოლმე მაგრამ კვლავ გაზაფხულის დღეები გაახსენდებოდა და ცოტათი თბებოდა.  იხსენებდა გამწვანეულ არემარეს და ამ საშინელ ამინდში ისე სუნთქავდა, თითქოსდა, როგორც ოცნებობს, გაზაფხულია და მისი სურნელების ჩასაგრძნობად  სუნთქავს ასე ძლიერად. ოცნებებიდან გამოვიდა, აკანკალდა, აცახცახდა, მაგრამ საბედნიეროდ ამ საშინელმა  ამინდმა გადაიარა და გათბა კვირტი. რამდენიმე დღეში დადგა გაზაფხული და პატარა კვირტმა კვლავ იფეთქა, სიფრიფანა ყვავილებით მორთო თავისი უმშვენიერესი  ხე, რომელზეც ისხდნენ პეპლები და ფუტკრები და ზეიმობდნენ გაზაფხულის დადგომას.
      სასიამოვნო ზეიმის დამთავრების შემდეგ კვირტი დაუმეგობრდა ფუტკარს და პეპელას. ფუტკარი ხშირად სთხოვდა თავის პატარა სიფრიფანა მეგობრებს ნექტარს, ამ ნექტარს ზაფხულის განმავლობაში აგროვებდა და აკეთებდა თაფლს, ინახავდა სკაში, რომელსაც სასიმოვნოდ მიირთმევდნენ ადამიანები და მადლობას უხდიდნენ ფუტკარსაც და ყვავილსაც. ამ მადლობებით ორივე დიდად კმაყოფილნი რჩებოდა. შემდეგ მათ შემოუერთდებოდა  პეპელა, არაფერს სთხოვდა თავის მეგობარს ერთგული მეგობრების გარდა. პეპელა კვირტს ეხმარებოდა და მას ამტვერებდა. ისინი ცხოვრობდნენ ბედნიერად ვიდრე ზამთარი მათ ბედნიერებას დროებით გააჩერებდა...
                                                                                    თეონა ახვერდოვი მე-8 კლასი









ბიძია თომა
   როდესაც  თვალი გადავავლე ჩემი  ჩანაწერების რვეულს, ერთი  წიგნის  გმირთან  მომინდა  საუბარი. მისი გაცნობისას უსაზღვრო შთაბეჭდილებით ავივსე... მაინტერესებდა  რატომ  იყო  ასეთი  უშიშარი  და  მტკიცე  ხასიათის, ამის  გულისთვის  ბევრჯერ  სცემა  ბატონმა. ის  ძალიან  კეთილი  იყო. მას  ქალის გაროზდვა დაავალეს, მაგრამ  არ  უნდოდა  დედაკაცისთვის  მიეყენებინა  შეურაცხყოფა  და  სიკვდილის  პირას მიეყვანა. სამაგიეროდ  იმ  ქალის  სანაცვლოდ  თვითონ  გაიროზგა. მან  გმირობა  ჩაიდინა.    
   ის  ეწინააღმდეგებოდა  თავის  უფროსს, შემდეგ  უფროსი  მას  ისევ  როზგავდა. ერთხელაც  როდესაც  გაროზგა ის სიკვდილის  პირას მივიდა. ის მონა იყო. ეს მემამულე  გაკოტრდა და მონა გაყიდა . ძველი უფროსი დაპირდა  რომ აუცილებრად იშოვიდა მის გამოსასყიდ  ფულს და წამოიყვანდა  თავის  ცოლ-შვილთან.
  რიდესაც ის სიკვდილის პირას იდგა სწორედ მაშინ მივიდა მემამულის შვილი მის გამოსასყიდად, მაგრამ  უკვე გვიანი   იყო, ის   კვდებოდა. მან  უთხრა:  ჩემს  ცოლს ასე  უთხარი,  რომ  ძალიან კარგი  უფროსი  ჰყავდა, მაგრამ  ვეღარ გაუძლო მუშაობას და  მოკვდაო.  სწორედ  ამ  დროს განუტევა  სული.
მემამულის  შვილი დასტიროდა არ დამტოვო,  გეხვეწებიო, მაგრამ  მან  ეს ვეღარ გაიგო. რადგან  ის უკვე  გარდაცვლილი იყო.    
  მემამულის შვილმა ბოროტ ბატონს კითხა: რამდენი  მოგცე  რომ  ჩემი მიცვალებული  წავიყვანოო?   ბატონმა უპასუხა:  მკვდრებში  ფულს არ ვიღებ,  ასე რომ,  სადაც  გინდა იქ  წაიყვანე შენი მიცვალებულიო . მემამულის შვილმა  წაიყვანა მიცვალებული, კარგი ადგილი აარჩია  დასამარხად და იქ დამარხა.  ეს  გმირი   იყო ბიძია  თომა.
ჰარიეტ  ბიჩერ   სტოუს  ,,ბიძია თომას  ქოხი’’.
ნონა კირკიტაძე.
მე-8 კლასი
                                                                                  









ჩემი  თვალით  ნანახი 2008  წლის  ომი  

     მესაუბრებიან იმაზე,  თუ  რა  არის ომი, მაგრამ  ძნელი იყო იმის დაჯერება,  რაც მე  ნანახი არ მქონია,  სულ  ცოტა,  რამდენიმე წელში მეც ვნახე ომი, რაც  ჩემთვის შემზარავი იყო, ბევრ  გაჭირვებულ ხალხს  ვხედავდი,   გულს,  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,  აგური  მაწვებოდა,  ჩემი  პატარა სამშობლო   ძალიან მიყვარს .
       გული  მატკინა იმან, რამაც საქართველოს რამდენიმე ადგილი საერთოდ   დაარბია,  რამდენიმე რა,  მთლიანად ყველა კუთხეს  გადასწვდნენ, ამას  კი  ის  ქართველი  ვაჟკაცები შეეწირენ,  რომლებიც სისხლის  ბოლო  წვეთამდე იბრძოდნენ , მეც და  ალბათ  ყველა ქართველიც,  ვისაც კი სადმე  წასასვლელი გვქონდა, ვცდილობდით გავცლოდით ჩვენს კერიებს, რათა სასტიკი და დაუნდობელი მომხვდურის ხელში ატ ჩავცვენილიყავით... მოვახერხეთ  კიდეც,   თავს  ვუშველეთ.  თუმცა გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა, ხუთი დღის განმავლობაში დღედაღამ ვლოცულობდი, ჩემს სახლში დაბრუნებას და ომის მშვიდობიანად დამთავრებს შევთხოვდი უფალს...  ამ ხუთი  დღის      განმავლობაში  უსაზღვროდ ვიტანჯებოდი.  ამ  ხუთმა  დღემ მთელი საქართველო  ფეხზე  დააყენა. სახლისკენ მომავალს გადამწვარი ტყეები და ტრასის ალმოდებული გაზონები მაცილებდნენ...    
 ლიკა გლაშვილი
მე-8 კლასი














ხის  პატარა  ნერგი                                                                           
     მე  ერთი პატარა ხის ნერგი ვარ, ერთმა პატარა გოგონამ  ამოიღო მიწიდან ჩემი ნაზი ფესვები. ვფიქრობდი რომ  დამთავრდა ჩემი წუთიერი  სოფლის ცხოვრება, მაგრამ უცებ  გავიღვიძე  მიტოვებული სახლის გვერდით.  მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ  ვერაფერი დავინახე. უცბათ  პატარა  გოგოს მოვკარი თვალი, ძალიან გამიხარდა. იმ დღიდან მუდამ მოდიოდა ჩემთან და  თავის  გულისტკივილს მიზიარებდა  ხოლმე. ასე მეგონა რომ ხვდებოდა რომ მისი მესმოდა და  შემტკივოდა გული. მე თანდათან ვიზრდებოდი, ჩემი ტოტებიც იზრდებოდნენ და რქოვანდებოდნენ. უკვე კარზე გვედგა სუსხიანი ზამთარი.  ჩემს  ტოტებზე გაყვითლებულმა  ფოთლებმა ცვენა  დაიწყო. ჰორიზონტზე  ერთი კაცი გამოჩნდა, მას  თან მოჰყვებოდა  მოხუცი  ქალბატონი,  მოხუცი ქალბატონი ეუბნეოდა:     
-შვილო,  არ  გვინდა,  ნუ მოვჭრით,  გთხოვ,  რამით  გავიტანო თავი  ამ სუსხიან ზამთარში. 
შვილი პასუხობს: 
-უნდა მოვჭრა დედა,  ხომ იცი რომ სხვა საშუალება არ გვაქვს.
მოდიოდა....  და, ვფიქრობდი  დამთავრდა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი ამ ცხოვრების.
მერი მაისურაძე .
მე-8 კლასი














იმედის ხე
   ომი დაიწყო. რუსეთი უღმრთოდ შემოიჭრა  ქართულ მიწაზე და მისი დასაკუთრება გადაწყვიტა. გაანადგურა ყველაფერი, გადაწვა უამრავი სახლი. აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან აღმოსავლეთით გამორბოდა ხალხი. მათ სიკვდილს ჩახედეს თვალებში და შავ, ბნელ ძალებს გამოასწრეს. ზოგი ბედისწერას მიზანში ჰყავდა ამოღებული. ეს იყო ქართველი ერის დიდი ტრაგედია .
   მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. სამაჩაბლოსკენ რომ გაგეხედათ კოშმარივით სასტიკ ნანგრევებს დაინახავდით, ნანგრევებად ქცეული სოფლის ცენტრში ამოსულიყო ულამაზესი ვაშლის ხე, რომლის ნაყოფიც ჯადოსნური გეგონებოდათ, მედიდურად იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა ის ანგელოზი, რომელიც საქართველოს გააერთიანებდა, მაგრამ ის არსად ჩანდა.
      ხე მოლოდინით იტანჯებოდა, ფიქრობდა არავის ვადარდებ ვის რაში ვჭირდებიო, ყველამ მომოვიწყაო, მაგრამ მან გულის სიღრმეში იცოდა, რომ ქართველების იმედი მხოლოდ ის იყო.
     მას უნდა ემასპინძლა დაბრუნებულებისთვის.
     განაბულიყო.... ელოდა..... ცაზე ღვთისშობელი, მასთან ერთად ანგელოზი გამოისახა,  წმინდა გიორგის ანგელოზი....
     გაზაფხულია, უჩვეულოდ, მთელი მონდომებით აყვავდა ვაშლის ხე. შემოდგომოდგომაზე ლოყაწითელა ვაშლებით დახუნძლული უმასპინძლებს მონატრენულ შვილებს...
თაკო ლომიძე.
მე-8 კლასი.













                             ოცდამეერთე  საუკუნე
                ოცდამეერთე საუკუნე ძალიან ბევრი პლუს-მინუსებით გამოირჩევა წინა საუკუნეებისაგან. ჩვენი   ყოფა,  რომელშიც ახლა ვცხოვრობთ,  ყველა ადამიანისათვის მისაღები არაა და იმ ადამიანებს, ყველას მიზეზი აქვს იმისთვის, თუ რატომ არ მოსწონთ ეს ყოფა.
                 ოცდამეერთე საუკუნეში ძალიან გახშირდა ხალხის ხოცვა,  ქურდობა და ა.შ, ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა, ამ საუკუნის მინუსებათაა მიჩნეული, მაგრამ დადებითი მხარეებიც გააჩნია ყოფას,  რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგ: განვითარდა ათასნაირი  ტექნიკა ყველა სფეროში, ასევე პოლიციის და მათი გაძლიერებუული თვალყურის მეშვეობით ოცდამეერთე საუკუნე  თავისი მინუსების გამოსწორებისკენ მიემართება.  და, რაც ყველაზე მთავარია, გაძლიერდა სკოლებში სწავლება, რაც ყველა ჩემი ტოლის უმთვავრესი მიზანია. ყველასთვის ნაცნობი მინუსი ოცდამეერთე საუკუნის არის ის, რომ ახალგაზრდების 50% ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს, მიმართავენ არაერთ ცუდ საშუალებას: სიგარეტი, ნარკოტიკები, ეს ყველასთვის ნაცნობი  არასასიამოვნო ფაქტია. ჩემი აზრით, ყველანაირი მინუსის ჩათვლით მაინც ჯობია წინა საუკუნეებს ჩვენი ყოფა,  ამის უამრავი დასამტკიცებელი საბუთი არსებობს.
                ძალიან არ მომწონს,  მე  პირადად, საბჭოთა კავშირისდროინდელი ყოფა, თითქმის ადამიანს ყველანაირი უფლება ჰქონდა ჩამორთმეული, აზრის გამოთქმისაც კი, რაც ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია! ნუთუ არავის არ ჰქონდა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა ემართა თავისი ქვეყანა?! რა თქმა უნდა ბევრს ქონდა აზრი, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ეს აზრი სხვისთვის გაეზიარებინათ!  ზოგადად, თუ ვიმსჯელებთ, ოცდამეერთე საუკუნე მართალია ბევრი უსიამოვნებებითაა დატვირთული, მაგრამ წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით, მაინც არის რაღაც გაუმჯობესებული, იმედია შემდეგი ოცდამეორე საუკუნე უკეთესი იქნება ოცდამეერთესაგან განსხვავებით, რადგან იქ ჩვენს მომავალ თაობას მოუწევს ცხოვრება!

ზიზი ტიტვინიძე.
მე-8 კლასი





მოგზაურობა ჩემს ალმანახში
  ღამეა. ირგვლივ ყველა და ყველაფერი დუმს. ყურში მხოლოდ ხის ფოლების შრიალის ხმა ჩამესმის, ისიც წამიერად. მე კი ამ დროს ერთ უკაცრიელ კუნძულზე ვიმყოფები. შიშმა შემიბყრო, გული მიფანცქალებს და არ ვიცი როგორ მოვიქცე, როგორ დავბრუნდე სამშობლოში. რამდენიმე საათი დაბნეული ვიჯექი და ვიყურებოდი აქეთ-იქით. უეცრად მთის მწვერვალზე სინათლე შევამჩნიე და ამის დანახვაზე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გავემართე სინათლისაკენ. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იმედი მიჩნდებოდა, იმედი იმისა, რომ ამ საშინელ კუნძულს თავს დავაღწევდი. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. სინათლეში შევედი და ჰოი, საოცრებავ. ჩემს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. მდინარე, პატარა ჩანჩქერი, მწვანე ბალახი, ყვავილები, პალმის ხეები და ასე შემდეგ. რამოდენიმე პატარა ცხოველსა და ფრინველსაც მოვკარი თვალი, მაგრამ მთავარი ჯერ არ მითქვამს. იქ ისეთი საოცრება ვნახე, რისი დაჯერებაც წარმოუდგენელია. კუნძულზე იყვნენ მხატვრული ლიტერატურის გმირები. მათი დანახვა ძალიან გამეხარდა. ისინი თბილი ღიმილით მიყურებდნენ და მეც ღიმილით ვპასუხობდი. მე რა თქმა უნდა ჩემს ალმანახში არსებული გმირების ძებნა დავიწყე. ძალზე ემოციური იყო ჩემი და ჰარი პოტერის შეხვედრა. ერთმანეთის დანახვაზე ცრემლებიც კი წამოგვივიდა. მე მივხვდი რომ მათაც ისე უხაროდათ ჩემთან შეხვედრა და, როგორც მე.  ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობდი დავრჩენილიყავი თუ არა მათ გვერდით.
ლაშა მესხიძე .
მე-8 კლასის მოსწავლე.   



   
სამაჩაბლოს   ქართველი  დარაჯი
     სამაჩაბლოს გაპარტახებული და გაუბედურებულ შენობების     შუაგულში   იდგა  ულამაზესი მოწყენილი ხე.  ის  ფიქრობდა: ნეტავ  როდის  დაიბრუნებს საქართველო  სამაჩაბლოს?  რა  კარგი  დრო  იყო  ადრე  ჩემს გარშემო  სულ  ბავშვები თამაშობდნენ  და  ხალხი ჩემი  სილამაზით  იხიბლებოდა, ნეტავ  ფეხები  მქონდეს, რომ  წავიდე  და ქართველი ხალხი  ვნახო, ქართული ენა გავიგონო- თუნდაც  ორი  წუთით. ნეტავ ჩემი შვილები  თუ  ყოფილან  ქართველებში? - ალბათ კი, რადგან ისეთი ქარი იყო გუშინ, ქართლამდე  ნამდვილად  ჩაიყვანდა. მაგრამ  მე ის მინდა, რომ სამაჩაბლო აღარ იყოს  ოკუპირებული  და  აღარ კლავდნენ ჩემს თანამემამულებს  სამაჩაბლოს, საკუთარი ბაღ-ვენახების ნახვის სურვილის გამო. მაგრამ მე სანამ აქ ვარ, სულ დავიცავ საქართველოს.
      მეორე დღეს რუსი მეომრები მიდიოდნენ ჯერ კიდევ შემორჩენილი სახლების დასანგრევად, მაგრამ ხემ არ მისცა ამის უფლება მათ. ქარი ამოვარდა და ხემ თავისი ფოთლები აქეთ-იქით  გაყარა, რათა ხელი შეეშალა რუსი მეომრებისთვის  და ეს გამოუვიდა კიდეც. შემდეგ დღეს ხეს რომ ჩათვლიმა მან იგრძნო მარჯვნიდან ტკივილი, შემდეგ მარცხნიდანაც და მიხვდა ხე, რომ მისი მოჭრა უნდოდათ. ხეს სუნთქვა შეეკრა  ცრემლი გადმოუვარდა და  ძირს დაეცა. ცოტა ხნის შემდეგ იქ, სადაც ცრემლი დაეცა ამოვიდა ახალი ყლორტი, რომელმაც გადაიბარა მამის საქმე. იფიქრა: ახლა მე უნდა დავიცვა სამაჩბლო, ვიგუშაგო ვიდრე  არ  დაიბრუნდებიან ქართველები.        
პ.ს: საქართველო სამაჩაბლოს აუციბლებლად დაიბრუნებს და ისევ ისეთივე  გაბრწყინებული იქნება როგორიც ადრე იყო.
გიორგი ბურჯანიძე
VIII კლასის მოსწავლე










 სიკეთე და ბოროტება
   რა არის სიკეთე, ან, თუნდაც, ბოროტება? როდის არის ადამიანი კეთილი და როდის ბოროტი? როდესაც ჩვენ ვამბობთ „ადამიანში ყოველთვის არის კეთილისა და ბოროტის ჭიდილი“, რა სახით არის ეს ძალები ჩვენში წარმოდგენილი? განა შევძლებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას?
   ვთქვათ, რომ სიკეთე წარმოდგენილია დადებითი გრძნობების, თვისებებისა და განცდების სახით, ხოლო ბოროტება უარყოფითი. მოდი გავუმყაროთ ფესვები ჩემს მოსაზრებას. მაგალითად ჩვენ ისეთ ადამიანზე ვამბობთ კეთილიაო, როდესაც ის გაჭირვებულს დაეხმარება, ის სულგრძელია, სულგრზელობა კი დადებითი თვისებაა, ხოლო ის ადამიანი ბოროტად ითქმის, რომელსაც ხელი წაუცდება რამეზე და მოიპარავს. ასეთი ადამიანი კი უნებისყოფოა, უნებისყოფობა უარყოფითი თვისებაა.
მგონი ზოგადად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება. ახლა ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი უფრო ძლიერია მათ შორის, ამის დაზუსტება სულაც არ არის რთული, მაგალითად გავიხსენოთ შოთა რუსთაველის ერთი დიადი აფორიზმი „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. მოდი განვიხილოთ ეს აფორიზმი ჩემი მოსაზრების მიხედვით, გავიაზროთ სიყვარული და უნებისყოფობა, სიყვარული მარადიულია, ხოლო უნებისყოფობა წამიერი, რა თქმა უნდა აქ ორი აზრი არ არის, რომ მარადიულობა წამიერებაზე ძალზედ მაღლა დგას. მაგალითად სულგრძელობა და სულმოკლეობა, გრძელი ბევრად მეტია მოკლეზე, ხოლო მათ შინაარსებსაცთუ შევაფარდებთ იგივე თანაფარდობას მივიღებთ.
  ასე რომ, ხალხო  ნუ შეგეშინდებათ ბოროტების, უბრალოდ შეეცადეთ გიყვარდეთ, გრძნობდეთ რაიმე დიდ გრძნობას და თქვენ თუ ამას შეძლებთ, მერწმუნეთ თქვენი წამიერი ბოროტება ყოველთვის დამარცხდება თქვენს მარადიულ სიკეთესთან ჭიდილში.

გელა ჩდაუნელი
VIII კლასის მოსწავლე





ფოთოლი ...
    გამარჯობა  ჩემო მეგობრებო. როგორც იქნა დადგა გაზაფხული ამოანათა მზემ. ისმის ბავშვების მხიარული შეძახილი ამ დროს  მოუთმენლად ველოდი, მომენატრნენ ბავშვები, მერცხლები, პეპლები და საერთოდ ყველაფერი. ლამაზი საყვარელი ჩიტები მიყვებიან შორეული ქვეყნების ამბებს , თუ როგორი ადამიანები ცხოვრობენი იქ. მაგრამ  ყველა ფრინველს თავისი სამშობლო უყვარს. ყველას უხარია სიცოცხლე , ადამიანების გულიდან კი ძალიან  დიდი სითბო  ამოდის , ამას მზის სითბოც ემატება. ცუდია, მაგრამ ეს დითხანს არ გრძელდება . რატომ? იმოტომ რომ მოდის სუსხიანი შემოდგომა და არემარეს ჭრელ სამოსში ახვევს. მას მოჰყვება ძლიერი ქარი. მე მისი ძალიან მეშინია, არ ვიცი რა დროს მომწყვეტს და სად გადამაგდებს. ამას ყოველ წამს და ყოველ წუთს  ველოდები, და აი გათენდა ერთი დილა, ქარმა მომწყვიტა ხეს, მიმაქროლებს, მიმაქროლებს სად, არც თვითონ იცის. მეშინოდა საავტომობილო გზაზე არ დავეგდე, თორემ ჩემი სიცოცხლე უფრო მალე დამთავრდებოდა, რადგანაც გადამთელავდნენ მანქანები და ადამიანები. მაგრამ ალბათ შევეცოდე ნიავს და იქვე ფანჯრის რაფაზე დამაგდო ,იმ წამსვე გაიღო ფანჯარა მომკიდა პატარა გოგონამ ხელი და შემიყვანა ოთახში, გულში ჩამიკრა ეტყობოდა რომ გახარებულუ იყო .მაშინვე დღიური გამოიღო, რაღაც ჩაწერა შიგ და მე ჩამაკრა. უცებ გულზე ჩხვლეტა ვიგრძენი, დავიხედე და დავინახე,რომ გოგონამ თავისი კალმით რაღაც წამაწერა, მე გამეღიმა და ეს ჩხვლეტა ტკბილ გრძნობად გადამექცა. მეგონა რომ ჩემი სიციცხლე სწორედ აქ დამთავრდა, მაგრამ  შევცდი. გათენდა მეორე დღე. წვიმის წვეთები დამეცა, უი წვიმს, გავიფიქრე მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, მე  ხომ პატარა გოგონას დღიურში ვარ და აქ წვიმას რა უნდა მეთქი? მივხვდი რომ ეს წვიმა კი არა,პატარა გოგონას ცრემლებიიყო. რაღაცაზე დაღონებულა და ტირის მინდოდა მენუგეშებინა, დამეწყნარაბინა, მაგრამ მე ხომ ამის გაკეთება ფიზიკურად არ შემძლია. ჩემს გარეშეც მალე დაწყნარდა და დავინახე,რომ ჩემი მეზობელი ფურცლები ჩემსკენ მოიწევდნენ.  ა ა, მივხვდი, გოგონა წავიდა. გადიოდა დღეები, დღიურში ცხოვრება ძალიან მომეწონა. დღიურიდან შევიტყვე, რომ ამ გოგონას ია რქმევია,  ია ხან ძალიან მოწყენილი იყო, ხან პირიქით, ისეთი გახარებული...
     გავიდა ძალიან დიდი დრო ,პატარა გოგონა კი არ ჩანდა, დღიურში მცხოვრებმა  ყველამ მოვიწყინეთ. გათენდა ერთი ჩვეულებრივი დღე, და აი გოგონაც გამოჩნდა. მე შევკრთ ,მისი სახე ისეთი ლამაზი აღარ იყო. მივხვდი, ის პატარა გოგონა აღარ იყო, გაზრდილიყო, დაქალბულიყო.. უცაბედად მე დღიურის გარეთ აღმოვჩნდი და გავიგონე ჩემთვის ისევ და ისევ პატარა გოგონა როგორ ყვებოდა ჩემს თავგადასავალს. უცბად ერთდროულად ტკივილი, ჩხვლეტა და საშინელი სიმწარე ვიგრძენი. გონებაში პატარა გოგონას ხმა ჩამესმა -რა ქენი შე პატარა ცუღლუტო! მე ეს ფოთოლი ძალიან მიყვარდა. ეს ხმები ნელ-ნელა წყვდიადში იკარგებოდა . გულზე ვიგრძენი როგორ დამეცა ცრემლი, მეც გადმომივარდა ცრემლები და მოვხვდი, რომ ამ ქვეყნაზე ერთი წამიც აღარ მინდოდა ყოფნა.

                               ავტორი:ქეთევან ძაბახიძე       მე-8 კლასი        
                                          ეული   მცველი
    სამაჩაბლოს   ერთ   სოფელში,   რომელიც  მიწასთან  მთლიანად  გასწორებულიყო, ერთ ეზოში შორიდანვე  მოჩანდა ჯერ  კიდევ  შემორჩენილი ნანგრევები. სახლის  ეზო  მტვერსა  და  ნაგავს  დაეფარა....  აქ  გადამწვარი  ბალახიც  კი  აღარ  ჩანდა. სახლის   ნანგრევებში  კი  მწვანე  ხე  ყვაოდა. მისი  ფოთლები  თითქოს  სინათლეს   ასხივებდა.  საძირკვლზე ამოსული ხე   ნამდვილი  საოცრება  იყო!  ის ეულად  იყო  მთელ  მთელ სახლში, მაგრამ  ამას არ  ჩიოდა.
   როდესაც  სამაჩაბლოს  ეს  სოფელი  გადაწვეს,  ყველა სულიერი  ისე  გაქრა,  თითქოს   არც  არასდროს  არსებულა.  ეს ხე  მანამდე  აქ არ  ყოფილა,  როცა  ის  ტკივილი    დაინახა,  რაც  მის   ზემოთ   ხდებოდა, რომ ყველა  სულიერი  ქრებოდა,  სახლები  იწვოდა,  სიცოცხლე   აღარ  ჩქეფდა  და  სოფელი  გაუდაბნოებულიყო, გადაწყვიტა, რომ  პატარა  რამით  მაინც  თანაეგრძნო  და  ამოვიდა, ამობრდღვიალდა, აქ ვარო რემარეს ამცნო, მაგრამ  ვაი რომ  უკვე  გვიან!  ვერაფერი  მოასწრო, ვერ  შეცვალა  განგება!    მაგრამ ფუძეზე გამაგრდა,    უკანასკნელ ბინადრად  შემორჩა დაცარიელებულ სოფელს,  სიცოცხლე  განაგრძო, უდაბნო  ადგილი  ,,გაანათა’’. ხე არაფერს  არ უჩიოდა,  მხოლოდ  სიცოცხლის  არსს  უფიქრდებოდა.. ენანებოდა  ამდენი  დანაკარგი  და გული  ტკიოდა...
  როდესაც  ხრიოკ  ადგილზე   მზე  დაჭერდა, იგი ფოთლებს  აშრიალებდა  თითქოს  ვიღაცას  ეძახისო...მხოლოდ  ფიქრებში ატარებდა  დღეებს. მხოლოდ   ამ  სოფლის დაცვა სურდა  ჯადოსნური  ტოტებით,  და  მაინც იმედს  არ კარგავდა, რომ  აქ  ოდესღაც, ვინმე  სულიერი  მაინც გამოჩნდებოდა,  ის კი  დაიცდიდა,  აუცილებლად  დაიცდიდა!!....
თათია ცისკაძე
მე-8 კლასის მოსწავლე


Комментариев нет:

Отправить комментарий